logo
ENG



შრომის ინსპექციამ BASSIANI-ს მისცა "გონივრული ვადა" ობიექტიდან ტექნიკის გამოსატანად

24 დეკ 202122:10
3 წუთის საკითხავი
 
შრომის ინსპექციამ BASSIANI-ს მისცა "გონივრული ვადა" ობიექტიდან ტექნიკის გამოსატანად
ფოტო: ფორმულა/ვახო ქარელი

შრომის ინსპექციამ BASSIANI-ს მისცა "გონივრული ვადა", იმისათვის, რომ კლუბის წარმომადგენლებმა ტერიტორიიდან აპარატურა და ტექნიკა გაიტანონ. სავარაუდოდ ამის შემდეგ ინსპექცია ობიექტს დალუქავს. 

მანამდე, ბასიანთან შეკრებილმა მხარდამჭერებმა, ასევე კლუბის თანამშრომლებმა ტერიტორიაზე მისულ შრომის ინსპექციას ობიექტის დალუქვის საშუალება არ მისცეს. ადგილზე ხმაურიც იყო. ინსპექტორები ბასიანთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.  

ამ დროისთვის, შრომის ინსპექციამ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. თავად კლუბის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს დაგეგმილ ღონისძიებას ჩაატარებენ. 

BASSIANI-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა მანამდე განაცხადა, რომ შრომის ინსპექცია BASSIANI-ს ლუქავს. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვა კლუბების დალუქვის შესახებ. 

საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.

17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.

გუშინ, 23 დეკემბერს თბილისის სცენის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ წვეულებების გაუქმების მიზნით, შესაბამისმა უწყებებმა მეიჯარეებისგან მოითხოვეს, რომ თავად არ დაუშვან კლუბების გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სადამსჯელო ღონისძიებებს".

კლუბები აცხადებენ რომ ეს არის ცალსახად შანტაჟისა და მუქარის, დაშინებისა და რეპრესიის გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია.

22 დეკემბერს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ ფორმულას ეთერში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების განცხადება წაიკითხა და თქვა, რომ კლუბები მუშაობას იმ პროტოკოლის მიხედვით გააგრძელებენ, რომელიც მათ შესაბამის უწყებებთან შეიმუშავეს. 

"მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება, თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის შესაქმნელად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ სფეროს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯის გაწევა მოგვიწია", - აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია. 


close დახურვა